დაძაბული ვითარება უკრაინაში – რუსეთს მსოფლიო დეესკალაციისკენ და დიპლომატიის არჩევისკენ მოუწოდებს | 17.02.2022

უკრაინაში კვლავ დაძაბული ვითარებაა – ოფიციალური კიევის  ინფორმაციით,  რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. უკრაინის ერთობლივი ძალების ოპერაციების ცენტრის ცნობით, რუსული საოკუპაციო ჯარის მხრიდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 28 – მინსკის შეთანხმებით აკრძალული. დაშავდა 2 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

“რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დღეს ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა. დაზიანებულია ასევე ინფრასტრუქტურა, დასახლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გაერთიანებული ძალების სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს. დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ხელისუფლებები კი თავდასხმაში  უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდ პროვოკაციად შეაფასა.  „მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო უკრაინაში დარჩნენ – მონიტორინგის საქმიანობა შეკავების დამატებითი ფაქტორია. ყველა დარღვევის გამოსასწორებლად ჩვენ ეფექტური მექანიზმი გვჭირდება” – წერს ზელენსკი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მიუხედავად მოსკოვის განცხადებებისა, ჯარების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების შესახებ, რეალურად საპირისპირო ხდება და უკრაინის საზღვრიდან რუსმა  სამხედროებმა არათუ უკან დაიხიეს, არამედ მათი რაოდენობა გაიზარდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით,  ვლადიმერ პუტინი პროვოკაციებს ამზადებს და შესაძლოა უკრაინაში შესაჭრელად ყალბი ამბები გამოიყენოს. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კრემლი განიხილავს ყალბი თავდასხმის დადგმა და გადაღებაა – აფეთქებები გრაფიკული სურათებით,  ნაჩვენები იქნება მრავალრიცხოვანი მსხვერპლი, ყალბი უკრაინული სამხედრო აღჭურვილობა და  თურქული დრონები.

რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიის არჩევისკენ მოუწოდებენ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის საზღვართან მდებარე ქალაქ რივნოში ჩავიდა, სადაც სამხედროების მზადყოფნა შეამოწმა. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნისა და უკრაინელი ხალხის მზადყოფნა, რომ სამშობლოს დასაცავად უკან არ დაიხევენ.

უკრაინის საზღვარზე ვითარება 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაიძაბა. რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება  უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად შეაფასეს. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები