ოფიციალური კიევი მოსკოვისგან პროვოკაციებს ყოველდღე ელოდება | 15.02.2022

უკრაინა რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციის დაწყების მოლოდინშია. ქვეყნის პრეზიდენტმა ომის დაწყების თარიღად 16 თებერვალი დაასახელა, თუმცა დღეს ცნობილი ხდება, რომ კრემლმა  უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარისკაცების ნაწილის  ბაზებზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. განცხადება რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა გააკეთა.  იგორ კონაშენკოვი ამბობს, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილებმა უკვე დაიწყეს მანქანების  დატვირთვა და მოძრაობა.

საერთაშორისო პარტნიორები ვარაუდობენ, რომ ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს. მოლაპარაკებების გაგრძელებაზე გაამახვილა ყურადღება გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა,  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე. თქვა, რომ დასავლეთთან რუსეთის ე.წ. “უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმების შანსი არსებობს.  პუტინის მზადყოფნა მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუშიც დაადასტურა.

ოფიციალური კიევი მოსკოვს არ ენდობა და პროვოკაციებს ყოველდღე ელოდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ  რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან ყველა ჯარისკაცი უნდა გაიყვანოს, რათა დაინახონ კონფლიქტის დეესკალაციის მცდელობა. უკრაინის პრეზიდენტი კი რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციის მოლოდინშია. ვოლოდიმირ ზელენკიმ გუშინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

“დეესკალაციის ნიშნები ჯერ ადგილზე არ გვინახავს” – ასეთია ნატო-ს შეფასება. როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, ჯარების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შესახებ რუსეთის განცხადება ფრთხილი ოპტიმიზმის მომცემია, თუმცა რეალური დეესკალაცია ჯერ კიდევ არ უნახავთ. სტოლტენბერგის ინფორმაციით, ხვალ ალიანსი მინისტერიალს მართავს, თავდაცვის მინიტრები შეხვდებიან   კოლეგებს როგორც უკრაინიდან, ისე საქართველოდან და რეგიონში შექმნილ კრიზისს განიხილავენ.

არის ნიშნები მოსკოვიდან, რომ დიპლომატია უნდა გაგრძელდეს. ეს იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის იმედს, თუმცა ადგილზე დეესკალაციის ნიშნებს ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების შემცირებას. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და ყურადღებით დავაკვირდებით, რას აკეთებს რუსეთი. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. მზად ვართ რუსეთთან ერთად განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობები. მაგრამ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ დიალოგი არ ნიშნავს იმის დავიწყებას, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს, თუ რომელი ორგანიზაციის წევრი იქნება.

ვითარების დეესკალაციისთვის, მოსკოვში ვიზიტებს აგრძელებენ ევროპელი ლიდერები. რუსეთის პრეზიდენტს დღეს გერმანიის კანცლერი შეხვდა. მოლაპარაკებები  4 მეტრის სიგრძის მაგიდასთან მიმდინარეობს, ეს ის მაგიდაა, რომლის გარშემოც ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდეტმა იმსჯელეს. დისტანციის დაცვა ლიდერებს იმის გამო უწევთ, რომ  ოლაფ შოლცმა რუსული „ PCR “ ტესტი არ ჩაიტარა.

უკრაინის საზღვარზე ვითარება 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაიძაბა. რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება  უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად შეაფასეს. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები