მხარდაჭერა მხოლოდ „ოცნებისგან“ – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ირჩევენ | 11.02.2022

პარლამენტის ადამიანის უფელაბათა დაცვის კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე  ლელა ჯანაშვილს  დაუჭირა მხარი.  კანდიდატმა მხოლოდ “ქართული ოცნების” მხარდაჭერა მოიპოვა, ოპოზიციამ  კი კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო. რაც შეეხება მეორე კანდიდატს თამარ ალფაიძეს, მას “ქართული ოცნების” მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კანდიდატების მოსმენა დღეს დილიდან მიმდინარეობდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ლელა ჯანაშვილს და თამარ ალფაიძეს არაერთი კრიტიკული შეკითხვა დაუსვეს, მათ შორის რას ფიქრობენ ისინი ლონდა თოლორაიასთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით და რატომ გაუჩნდათ პროცესში მონაწილეობის სურვილი, იმ ფონზე, როდესაც სახელწმიფო ინსოექტორის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს. კანდიდატებმა პოლიტიკური შეფასებების გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა განაცხადეს, რომ საკითხს ინსტიტუციურად უდგებიან.

კომიტეტის სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. მათი შეკითხვებიც ძირითადად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციების გაყოფას და ლონდა თოლორაიასთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ეხებოდა. კანდიდატებმა იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რომლის გამოც მათი ტქმით ინსპექტორის სამსახურის ფუნქციების გაყოფა გამართლებული იყო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი  სრული შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით აირჩევს.  საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტმა 30 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმა. “ქართულმა ოცნებამ” საკითხი დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა და დაამტკიცა. შედეგად კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად 1 მარტიდან ორი დამოუკიდებელი უწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური იქმნება. ოპოზიციამ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ლონდა თოლორაიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა, მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ორი დამოუკიდებელი უწყება ადამიანის უფლებებს უკეთ დაიცავს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები