“ჩვენი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა” | 09.02.2022

რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერები მოლაპარაკებებს აგრძელებენ. ბერლინში გერმანიის კანცლერის, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ლიდერებმა რუსეთს დეესკალაციისკენ და დიალოგში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას მძიმე საფასური ექნება. ევროპული ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ დასავლეთის საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსკოვთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად მზადყოფნას გამოთქვავენ, თუმცა რუსეთის პოტენციური აგრესიისთვისაც ემზადებიან. ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის რისკი სულ უფრო იზრდება.

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობას ისევ უარყოფს, თუმცა უკრაინული მედიის ინფორმაციით მოსკოვმა გასულ ღამეს,  უკრაინის აღმოსავლეთით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამჯერ დაარღვია. ოფიციალური კიევის ინფორმაციით ოკუპანტებმა გასროლა ნაღმტყორცნებიდან განახორციელეს, ასევე გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები. საპასუხო ცეცხლი გახსნეს უკრაინელმა სამხედროებმაც.

არსებული კრიზისის ფონზე კი რუსეთი უკრაინის საზღვრებთან მასშტაბურ სახმელეთო და საზღვაო წვრთნებს იწყებს. დასავლური მედიის ინფორმაციით სამხედრო მანევრების ჩატარება ხმელთაშუა და შავ ზღვებში იგეგმება. ექვსი რუსული საბრძოლო ხომალდი, წვრთნების ჩასატარებლად, ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვისკენ უკვე მიემართება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს გეგმიური გადაადგილებაა. სწავლება მიმდინარეობს რუსეთის სამხრეთში მდებარე 15 პოლიგონზე – მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს ქმედებები კი დასავლეთს უჩენს ვარაუდს, რომ მოსკოვი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები