პრეზიდენტმა გაბედა ის, რაც ვერ გარისკა მმართველმა პარტიამ – პოლონეთის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი | 04.02.2022

„ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი“ – ასე შეაფასა რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ვითარება პოლონეთის პრეზიდენტმა თბილისში მოულოდნელი ვიზიტის დროს გააკეთა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ანჯეი დუდამ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან რთულ  ვითარებაში ქვეყნის მხარდაჭერაზე საუბრისას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა, როცა პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი თბილისში ჩამოვიდა. უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმაც. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილი არ მორიდებია იმის თქმას, რომ უკრაინასთან მიმართებით, სახეზეა რუსეთის მხრიდან აგრესია და დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა პროვოკაციაზეა გადასული.  ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი რუსეთის  პოლიტიკას მოლაპარაკებებით პასუხობს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის ორივე მხარის მზადყოფნაა საჭირო.

„ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე – მქონდა შეხვედრები სხვადასხვა პრეზიდენტებთან, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან, გაეროს წარმომადგენელთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. საქართველოს ცოტა ტრაგიკული გამოცდილება აქვს რუსეთთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ძალიან მკაცრად გამოთქვა. პირადად მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა საქართველოსთან, ვინაიდან საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ბატონი ლეხ კაჩინსკი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ცხადად გამოაჩინა ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი,“ – განაცხადა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გუშინ საქართველოს გავლით მგზავრობდა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ერთობლივი საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები