მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე თბილისის მერია ახალ ადმინისტრაციულ შენობას აშენებს | 03.02.2022

ფასების ზრდისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე თბილისის მერია ახალ ადმინისტრაციულ შენობას აშენებს. მერმა შესაბამისი ბრძანება 2021 წლის 8 დეკემბერს უკვე გამოსცა. კახა კალაძე  ახალი  შენობისთვის  სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და ამ მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს.  ინფორმაცია დღეს თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გაავრცელეს.  მათი თქმით, იმ ფონზე როდესაც მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, კახა კალაძე საკუთარი კომფორტისთვის თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. დეპუტატები  მოუწოდებენ თბილისის მერს ახალი შენობის ასასენებელი თანხმები თბილისელების პრობლემების მოგვარებას მოახმაროს.

ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ  თბილისის მერიის დაკვეთით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შენობის პროექტირება, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე აშენდება, სადაც სასერვერო ინფრასტრუქტურა მოეწყობა და მერიაში შემავალი რამდენიმე მუნიციპალური სამსახური განთავსდება.

ოპოზიციის ბრალდებებს დღეს თავად კახა კალაძეც გამოეხმაურა.  თბილისის  მერი ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ  გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კალაძე განმარტავს, რომ ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ აპირებს და ახალ შენობაში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს.

რამდენი მილიონი დაუჯდება მერიას ახალი შენობის აშენება, ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები