ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის თავისუფლებაზე უარის თქმა და მტრისთვის ჩაბარებაა – ოპოზიცია | 02.02.2022

უკრაინის მხარდასაჭერად კიევში  “ლელოს” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მიემგზავრებიან. ქართველი პოლიტიკოსები  უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავენ და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ. დეპუტატები ამბობენ, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული სამარცხვინო რეზოლუციის შემდეგ მათი ვიზიტი უკრაინაში მნიშვნელოვანია. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” გუშინდელი გადაწყვეტილებით უკრაინის ხელისუფლებაც კი გაოცებულია, რაზეც რადაში გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნის დროშებიც მიანიშნებს, რომელთა შორისაც საქართველოს დროშა არ იყო. ოპოზიციის შეფასებით ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება იყო ქვეყნის თავისუფლებაზე უარის თქმა და მტრისთვის ჩაბარება.

მმართველ პარტიაში კი ირწმუნებიან, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს და მისი შინაარსიც ომის თავიდან არიდებისკენაა მიმართული. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას უკრაინის პარლამენტის  მხრიდან დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა.

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია გუშინ საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე მიიღო. დოკუმენტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის ქართული ოცნების წევრების გარდა რეზოლუციას ხმა მისცეს ორი პოლიტიკური ჯგუფის, “მოქალაქეების” და “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატებმაც. დანარჩენმა ოპოზიციამ კი დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. მიზეზი “ქართული ოცნების” გადაწყვეტიოლება გახდა, რომელმაც რეზოლუციის პირველადი ტექსტიდან, აგრესორი ქვეყანა რუსეთის ფედერაცია  ამოიღო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები