“გამდიდრებული მთავრობა, მოტყუებული ხალხი” – აქციები თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში | 02.02.2022

„ოცნება აღარიბებს“, “არა გაძვირებულ ცხოვრებას” – თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, კომუნალური გადასახადების ზრდა და საკვებ პროდუქტებზე ფასების  მომატება გააპროტესტეს. პროტესტის მთავარი ეპიცენტრი თბილისში „ქართული ოცნების“ ოფისი იყო.

ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააპროტესტეს ქობულეთშიც. მერიის შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეიკრიბნენ და პროდუქტებისა და გაზრდილი კომუნალური გადასახადების პარალელურად, ქობულეთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასების გაზრდაც გააპროტესტეს. შეკრებილებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც გააჟღერეს და მეგობარ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.

იმერეთში მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ ბანერებით – “ხელისუფლება დაგვცინის” “გამდიდრებული მთავრობა, მოტყუებული ხალხი”. ოპოზიცია ამბობს, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო, ხალხი საქართველოდან მიდის, პარალელურად კი მერია და მუნიციპალიტეტი ხელფასებს იზრდის. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სიტუაციის გამოსწორებისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა საჭირო.

რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ევროკავშირის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, რომელთა მოსახლეობაც თავშესაფარს ეძებს. მონაცემების თანახმად, 2021 წლის ნოემბერში თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადი საქართველოს 1 680-მა მოქალაქემ შეიტანა. ქვეყანაში ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება, ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმალურ ნიშნულზეა. შემოსავალი მცირდება, საკვებ პროდუქტებზე და კომუნალურ გადასახადებზე კი ფასები რეკორდულადაა გაზრდილი. ამ ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 11 თვის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები