მძიმე ეპიდვითარების ფონზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტები გაუქმდა | 01.02.2022

ქვეყანაში არსებული მძიმე  ეპიდვითარების ფონზე,  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტები გაუქმდა.  გადაწყვეტილება “ომიკრონის” გავრცელების სწრაფი ტემპის, ვირუსის სუსტი მიმდინარეობისა და მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს. რეგულაციის გაუქმების მიზეზად  ჯანდაცვის სამინისტრო მექანიზმის არაეფექტურობას ასახელებს. ამბობენ, რომ მწვანე პასპოტებმა ქვეყანაში არსებული  ეპიდემიოლოგიური სურათი ვერ შეცვალა და  სწორედ ამიტომ, რეგულაციის დაწესებიდან ორი თვის შემდეგ, საბჭომ მისი გაუქმება გადაწყვიტა.

ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლების  რეკორდულად  ზრდის ფონზე, ჰოსპიტალურ სექტორს პრობლემები არ აქვს.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით,  საქართველოში  ეპიდვითარება სრულიად მართვადია. თამარ გაბუნიას განმარტებით, ინფიცირებულთა რიცხი იზრდება, თუმცა რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება.

რაც შეეხება განახლებულ კოვიდსტატისტიკას – ქვეყანაში არსებული პანდემიის ისტორიაში  ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად ინფექცია 24 201 პირს  დაუდასტურდა.  გარდაცვლილთა რიცხვს კი კიდევ 36 ადამიანი შეემატა. ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები