კულტურის სფეროს გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ | 31.01.2022

კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ – მათ შორის არიან ხელოვნების მუზეუმიდან და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან გათავისუფლებულები. მათ უფლებებს “საია”, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” და „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავენ. ორგანიზაციების თქმით,  სასამართლო დავის საფუძველი, მინისტრ წულუკიანის ის გადაწყვეტილებები გახდება, რომლითაც  ხელოვანები დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული მიდგომებით გათავისუფლდენენ.

თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივებით ხსნიან. ამბობენ, რომ მუზეუმის და სააგენტოს რეორგანიზაცია უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ წარიმართა. მათივე თქმით,   წულუკიანი რეორგანიზაციას კვალიფიკაციის მიხედვით არ აწარმოებს და მხოლოდ მის მიმართ ლოიალურად განწყობილი თანამშრომლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. სამსახურიდან გათავისუფლებული ხელოვანები ამბობენ, რომ საკადრო წმენდა მაშინ დაიწყო, როდესაც მუზეუმის დირექტორად ამ პოზიციისთვის შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე კადრი, ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა – იურისტი, რომელიც წულუკიანის მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

პრობლემები კულტურის სფეროში და ეროვნულ მუზეუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა. სამინისტროდან უკვე თვეებია, რაც თანამშრომლებს ათავისუფლებენ, რასაც რეორგანიზაციის სახელით ხსნიან. გათავისუფლებები შეეხო, როგორც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. თავის მხრივ, წულუკიანი ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს მის ე.წ „გამოშიგვნასა“ და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლებს კი გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებში სდებს ბრალს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები