აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს უკვე პერსონალური სანქციებითაც ემუქრება- ვითარება უკრაინაში | 26.01.2022

რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ვითარების ფონზე ვაშინგტონი კიევის დახმარებას განაგრძობს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბორისპოლის აეროპორტში საბრძოლო მასალებით დატვირთული მესამე თვითმფინავი ჩაფრინდა. მანამდე ამერიკამ უკრაინას კიდევ 170 ტონა თავდაცვისთვის განკუთვნილი იარაღები გაუგზავნა.

უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს უკვე პერსონალური სანქციებითაც ემუქრება. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მსოფლიოს შეცვლის, ამიტომ პუტინის მოქმედებებს მძიმე შედეგები მოჰყვება.

“მე ცხადად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ მის უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება, მათ შორის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სანქციები. განვიხილავ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას. ეს ყველაფერი პუტინზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მისმა ხალხმაც კი არ იცის დანამდვილებით რას აპირებს. ჩვენ არ გვაქვს განზრახული ამერიკული ან ნატოს ძალები უკრაინაში განვათავსოთ, მაგრამ როგორც ვთქვი თუ პუტინი შეიჭრება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. თუ ის უკრაინაში მთელი ძალებით შევა, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს,” – განაცხადა ბაიდენმა.

მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება დიდი ბრიტანეთი მზად არის ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად, ევროპაში ჯარები განათავსოს. 8500-მდე ჯარისკაცი სამხედრო მზადყოფნაში უკვე მოიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.

რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი. ლიდერები ამბობენ, რომ თუ რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს, დიდი საფასური გადახდა მოუწევს. ემანუელ მაკრონი პარასკევს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარსაც გეგმავს.

დასავლეთის მუქარას მუქარითვე პასუხობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუკი დასავლეთი რუსეთის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებზე, კონკრეტულ პასუხს არ წარადგენს, მოსკოვი აუცილებელ საპასუხო ზომებს მიიღებს.

 რუსეთის ხელისუფლება დასავლეთს ვითარების პროვოცირებაში ადანაშაულებს, ამ ფონზე კი მოსკოვს უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. უკრაინის თავდაცვის უწყება არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შეტევა ნებისმიერ დროს დაიწყოს.