უკრაინა- რუსეთს შორის დაძაბულობა მატულობს -ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ | 25.01.2022

უკრაინა- რუსეთს შორის დაძაბულობა მატულობს. დასავლეთის მოწოდებების მიუხედავად კრემლი უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზებას აგრძელებს. ევროკავშირის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ და კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას სწრაფი საპასუხო სანქციები მოჰყვება. უკრაინა-რუსეთის საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს და  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინის და სხვა პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გასაძლიერებლად ძალისხმევა გააძლიერონ. ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ თუ რუსეთთან დიპლომატიამ არ იმუშავა, ევროკავშირი კრემლის პოტენციურ აგრესიაზე რეაგირებისთვის მზად არის.

პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადებასთან ერთად ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებაც მიიღო. საუბარია მილიარდ 200 მილიონ ევროზე. ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დახმარების პაკეტი როგორც კრედიტებისგან ისე გრანტებისგან შედგება.

რუსეთ-უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნატო-ს შტაბბინაშიც. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ევროპული უსაფრთხოებისა და უკრაინასთან ახლოს რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციის გამო ნატო-ს საბრძოლო ჯგუფები მზადყოფნაში მოჰყავს. ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების, თვითმფრინავების და ხომალდების გაგზავნას განიხილავს. იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად მზად არის, თუმცა არ აპირებს დათმობებზე წასვლას ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

შეიარაღებული ძალები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა ამერიკამაც. პენტაგონში აცხადებენ, რომ 8500 ამერიკელი სამხედრო უკვე მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განთავსების მიზნით. პენტაგონის პრესსპიკერი აცხადებს, რომ სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამერიკელი სამხედროები მზად არიან ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოებისთვის.

მოახლოებული საფრთხის გამო 4-მა სახელმწიფომ უკრაინიდან საელჩოების თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახის წევრების გაყვანა დაიწყო. ევაკუაციის გეგმის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა მიმართეს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ახალ ჩეჩნეთს მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ვითარება კონტროლდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ვლადიმერ ზელენსკის თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმოამდგენლები დეესკალაციასა და დონბასში სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობენ.

უკრაინის საზღვართან სამხედრო დანაყოფების ზრდის ფონზე კი რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმას უარყოფს და ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს  ვითარების პროვოცირებაში ადანაშაულებს. მოსკოვი აცხადებს, რომ დასავლეთი საინფორმაციო ისტერიით და კონკრეტული ქმედებებით დაძაბულობის ესკალაციას იწვევს. პარალელურად კი კრემლი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ამერიკისგან და ნატო-სგან ოფიციალურ პასუხებს ელოდება. რუსეთი ითოვს, რომ ნატო-მ უარი თქვას გაფართოებაზე, რათა უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები ვერ გახდენენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები