გაძვირებული ცხოვრება – დედაქალაქსა და რეგიონებში ელექტროენერგიაზე მომატებული ტარიფები გააპროტესტეს | 21.01.2022

დედაქალაქსა და რეგიონებში ელექტროენერგიაზე მომატებული ტარიფები გააპროტესტეს. ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები დღეს დილიდან სემეკის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას დაპირებები შეახსენეს. აქციის მონაწილეებმა ძველი ტარიფის დაბრუნება და ამ მიზნით სემეკში საგანგებო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვეს.

ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების ქარხანა იყო კიდევ ერთი ლოკაცია სადაც დღეს გაძვირებული ტარიფები გააპროტესტეს. “ოლიგარქი მდიდრდება, შენ ღარიბდები” –  ამ შინაარსის ბანერები მიიტანეს ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებმა.

თბილისის გარდა გაზრდილი გადასახადები და მძიმე სოციალური მდგომარეობა გააპროტესტეს ბათუმშიც. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა აჭარის მთავრობის სახლთან დენის ტარიფის შემცირება მოითხოვეს.

“გამდიდრებული მთავრობა, მოტყუებული ხალხი” – ამ ლოზუნგით აქცია გაიმართა  ქუთაისშიც. მერიასთან შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, ამ ფონზე კი ჩინოვნიკები ხელფასებს იზრდიან. ისინი ელექტროენერგიის ტარიფის ძველ ნიშნულზე დაწევას ითხოვენ.

თელასის და ენერგო-პრო ჯორჯიას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, თუმცა ტარიფებს შორის სხვაობა მომხმარებლებს დაუსუბსიდირდათ და გასული წლის განმავლობაში გაზრდილი ტარიფი არ გადაუხდიათ.  2022 წლის 1 იანვრიდან კი სუბსიდირების პროგრამა დასრულდა და შესაბამისად მოქალაქეებს უკვე 3,5 თეთრით გაზრდილი გადასახადის გადახდა უწევთ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები