თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი- სააკაშვილის ემოციური სიტყვა სასამართლოში | 13.01.2022

მიხეილ სააკაშვილის ხმაურიანი პროცესი საქალაქო სასამართლოში სიტყვიერი კამათის ფონზე დაიწყო. სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვას დღეს პირველად დაესწრო. მოსამართლემ ექსპრეზიდენტს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და სააკაშვილს მიმართა, რომ პატივი ეცა სასამართლოსთვის, საუბრის დროს მოსამართლისთვის მიემართა და არა დარბაზში მყოფი პირებისთვის.

ექსპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მისი დაბრუნების გადაწყვეტილებასა და იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც მის ჩამოსვლას მოჰყვა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მისმა დაბრუნებამ რეჟიმის ლეგიტიმურობას ბოლო მოუღო, ოპოზიციას კი ადგილობრივი არჩევნები მოაგებინა. სააკაშილი აცხადებს, რომ ის არის მომეტებული საფრთხის წყარო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის და იმ მაღალჩინოსნებისთვის, რომლებმაც ხელფასები უპრეცედენტოდ გაიზარდეს. ექსპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ბოდიში მოუხადა იმ 4 პირს ვინც მისი სამშობლოში დაბრუნების საქმეზე დღეს ბრალდებულია. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის არცერთ მათგანს არ იცნობდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორებმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი, ელგუჯა ცომაია დაკითხეს. მან დეტალურად გაიხსენა ვინ სთხოვა დახმარება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანისთვის,  როგორ შეხვდა სააკაშვილს და რა მიმართულებით გადაადგილდნენ მისი კუთვნილი ავტომობილით.  პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებმა წარმოადგინეს დამატებითი მტკიცებულება, თუ როგორ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ შემოსვლა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე. ადვოკატები კი ამბობენ, რომ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს როგორც საზღვრის პროცედურების დარღვევა, ვინაიდან მესამე პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში ჩამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 4 თებერვალს გაიმართება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები