კოვიდ 19-ს 4 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – სპეციალისტები მორიგ ეპიდაფეთქებას ელოდებიან | 05.01.2022

კოვიდ 19-ს კიდევ ერთი ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვირუსით ამჯერად 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, ციციშვილის სახელობის კლინიკაში მოხდა. ირკვევა, რომ გარდაცვლილს თანმდები დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ციციშვილის კლინიკაში  ამ დროისთვის 50 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. ბოლო 6 დღეში კლინიკაში ვირუსით ორი ჩვილი გარდაიცვალა.

ომიკრონის სახელით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში სწრაფ გავრცელებას განაგრძობს.  ვირუსი კიდევ 11 ადამიანს დაუდასტურა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში ომიკრონის 159 შემთხვევა დასტურდება. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, სპეციალისტები მორიგ ეპიდაფეთქებას ელოდებიან. ვარაუდობენ, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება.  თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ვირუსის ახალ შტამთან გასამკლავებლად კლინიკური სექტორი მზად არის. რაც შეეხება განახლებულ კოვიდსტატისტიკას, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით 3590 ადამიანი დაინფიცირდა, 67 კი გარდაიცვალა.

ომიკრონითან ერთად მსოფლიოს შესაძლოა საფრანგეთში აღმოჩენილმა ახალმა შტამმაც შეუტიოს, რომელსაც ჯანომ დროებით იჰუ უწოდა.  პროფესორ მაკა ბულეიშვილის ინფორმაციით, შტამი, რომელიც კვლევის სერიოზული საგანი გახდა, კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება. კოვიდ 19-ის ჯერ კიდევ უცნობი შტამი კამერუნიდან დაბრუნებულ ადამიანს აღმოაჩნდა, რომელმაც საფრანგეთში სავარაუდოდ ოცამდე ადამიანი დააინფიცირა. ირკვევა, რომ მასში 42 მუტაცია გამოვლინდა, თუმცა შეიყვანს თუ არა ჯანმო მას შემაშფოთებელი მუტაციების სიაში ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები