დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს მმართველი პარტიის მიერ დაჩქარებულად მიღებულ კანონს | 31.12.2021

“ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ ორგანოდ გაყოფაზე ყველა თანხმდება და ამის უკან არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ დგას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს.

პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში არიან  უკვე ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ლონდა თოლორაიას შეფასებით პარლამენტმა დამოუკიდებელ უწყებას ძირი გამოუთხარა. თავის მხრივ თოლორაია სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ამბობს,  რომ პარლამენტმა უგულებელყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა არასამთავრობო სექტორის გაცემული ის რეკომენდაცია, რომლებიც გაცემული იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შემდგომ და რომელიც რეალურად ემსახურებოდა ამ სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

81 მომხრე და 7 წინააღმდეგი – პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი გუშინ დაუჭირა. ახლა კი დოკუმენტი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.