რატომ აუქმებს „ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს- ხმაურიანი კომიტეტის სხდომა | 28.12.2021

სახელმწიფო ინსპექტორმა მისი სამსახურის გაუქმების ინიციატორებს მადლობა დღეს საჯაროდ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გადაუხადა. ლონდა თოლორაიას პარლამეტნში წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით კითხვების დასმის შესაძლებლობა დღეს პირველად მიეცა. არადა ოცნების გადაწყვეტილებით მომავალი წლიდან სწორედ მისი სამსახური უქმდება, თუმცა მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ისე მოამზადა და დააინიცირა, რომ მოსაზრებების გამოტქმის საშუალება არავის მისცემია. თავად ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულებმა სამსახურის გაუქმების შესახებ მხოლოდ 3 დღის წინ შეიტყვეს. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც ლონდა თოლორაიამ დღეს ოცნების წევრებს შეკითხვა დაუსვა. ინსპექტორი დაინტერესდა რა არის კანონპროექტის მიზანი, მაშინ როდესაც ახალი კანონი არსებულის ანალოგია.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, რატი იონათამაშვილი ინსპეტორის სამსახურიდან თანაშრომლების გაშვებას უარყოფს. მან სიტყვით გამოსვლა დღევანდელ კომიტეტზე სწორედ მიმართვით დაიწყო. დეპუტატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულებს არწმუნებს, რომ სახლში არავინ გაუშვებს და მეტიც სამუშაო პირობებიც გაუუმჯობესდებათ. თუმცა, მის მიერ წარმოდგენილ კანონპრიექტში პირდაპირ წერია, რომ ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად ჩამოყალიბების შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორი, მისი მოადგილეები და სხვა თანაშრომლები თანამდებობებს დატოვებენ.

საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მესამე სექტორი თვლის, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება. მათი თქმით, “ქართულ ოცნებას” ლონდა თოლორაიბას გაშვება სურს და ამას ახალი კანონის საშუალებით აკეთებს. არასამთავრობოები თვლიან, რომ დამოუკიდებელი უწყების გაუქმება ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი დეპუტატებმა წამყვან იურიდიულ კომიტეტზეც უნდა განიხილონ, რის შემდეგაც საკითხი სესიაზე გავა. პარლამენტი უწყების გაუქმებასთან და ლონდა თოლორაიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარერე კვირის ბოლომდე გეგმავს.