“ყველა ვინც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას აუწევს ხელს, არის ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი” | 27.12.2021

“ყველა ვინც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას აუწევს ხელს არის ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი” – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას. მესამე პრეზიდენტი Facebook-ზე მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი გლდანის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანასტან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს. სააკაშვილი დარწმუნებულია რომ მმართველ პარტიას ლონდა თოლორაიას უწყების დასკვნის ეშინია და მისი გაუქმება ამიტომ გადაწყვიტა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს დახურვამდე მოასწროს და გამოაქვეყნოს მისი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი და  წინასწარი გამოძიების შედეგები. სააკაშვილი ასევე საზოგადოებას მიმართავს, რომ ამ საკითხზე ხმა ამოიღოს.

“მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ლონდა თოლორაია. მისი სახელი გავიგე მას შემდეგ, რაც მან ჩემს საქმეზე გაამტყუნა და დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო და გაირკვა, რომ სადღაც ერთ თვეში უნდა დაედოთ სპეციალური დასკვნა, ჰქონდა თუ არა ჩემს წამებას ადგილი. სწორედ ამ დასკვნის ეშინია რეჟიმს, ვინაიდან ოფიციალური ორგანოს მიერ ჩემი წამების დადასტურება დიდი ალბათობით გამოიწვევს ჩემს უპირობო გათავისუფლებას საქართველოში, ისევე როგორც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დროებით ღონისძიებას.  მათთვის ამის არდაშვება ყველაზე მნიშვნელოვანია და, დიდი ალბათობით, კუჭავაც იმიტომ გადააყენეს, რომ რა თქმა უნდა, წამოვა ზეწოლა დასავლეთიდან და კუჭავა ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. მე სრულ ნდობას ვუცხადებ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას და მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, არის მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის. მინდოდა სასამართლოში დღეს მისვლა და ამის თქმა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს შესაძლებლობას. მაგრამ მე მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, ამოიღოს ხმა. გარდა ამისა, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც გასცა სუსმა, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბოლო მომენტში მისი ამოღება მაინც შეძლო. ეს ის ფირია, რომლის ყველაზეარაძალადობრივიმომენტები გაუშვა ხელისუფლებამ. მე მინდა მივმართო ყველა სახელმწიფო მოხელეს, აიღოს მაგალითი ლონდა თოლორაიასგან და მისი თანამშრომლებისგან და თუ აქტიური წინააღმდეგობისთვის არ არიან მზად, აშკარა სიცრუეზე და სიყალბეზე მაინც არ მოაწერონ ხელი,” – წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.