უწყვეტი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიზანი მიღწეული არ იქნება – შიმშილობის მესამე დღე | 23.12.2021

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მესამე დღეა მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისთან განთავსებულ კარვებში 200-მდე ადამიანი შიმშილობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც 12 კარავია გაშლილი, უვადო შიმშილობა პარტიის თავმჯდომარესთან ერთად პარტიის სხვა ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმაც გამოაცხადეს. დღეს მოშიმშილეებს, სავარაუდოდ, კიდევ 50-მდე ადამიანი შეუერთდება. ამბობენ, რომ პროტესტის ამ  უკიდურესი ფორმით,  პარტია უპირისპირდება რეჟიმს, რომელსაც სურს როგორც პოლიტიკური, ისე ყველა სხვა განსხვავებული აზრის გათელვა. მათი თქმით, შედეგის მისაღწევად მშვიდობიანი არაძალადობრივი, უწყვეტი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო მიზანი მიღწეული არ იქნება.

ოპოზიციაში შიმშილობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. გარვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პროტესტი შედეგიანი იქნება და ისეთ პოლიტიკურ პროცესს შექმნის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დათმობებზე წასვლას აიძულებს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახლა პროტესტის ამგვარი ფორმა მიუღებელია.

„ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის პროტესტის ასეთი ფორმის მიზეზი და მოტივი გაუგებარია და ოპოზიციის მორიგ პროვოკაციად აფასებენ. ჯანდაცვის მინისტრი,  ეკატერინე ტიკარაძე ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების მასობრივ შიმშილობას ყურადღების მიქცევის და დაძაბულობის შემოტანის მცდელობად აფასებს.

მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქცია მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ 21 დეკემბერს დაიწყო. გადაწყვეტილება პარტიის ლიდერმა რუსთაველის გამზირზე  გამართულ აქციაზე,  სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა. ნიკა მელიას თქმით, ოპოზიცია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში ყოფნას არ ეგუება, რის გამოც პროტესტის უმწვავეს ფორმას მიმართავს. მისივე თქმით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები