პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ეროვნული შერიგების შესახებ პოლიტიკოსების მოსაზრებებს ისმენს | 23.12.2021

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული შერიგების მიზნით, პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. სალომე ზურაბიშვილი დღეს გიორგი გახარიას პარტიის წარმოამდგენლებს, ასევე “ლელოს” და “ევროპული საქართველოს” წევრებს შეხვდა. ანა ნაცვლიშვილი ამბობს,რომ საზოგადოებას პროცესის მიმართ არასწორი მოლოდინი აქვს, ვინაიდან შერიგების მიზანი არა  ერთი ადამიანის გათავისუფლება ან პოლიტიკოსების მორიგება, არამედ  სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა. ეროვნული შერიგების იდეას სკეპტიკურად უყურებენ “ევროპული საქართველოს” ლიდერები. ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი მიიჩნევენ, რომ პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას არ უკავშირდება.

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული შერიგების იდეის გარშემო ყველას პოზიციას ისმენს, მათ შორის შეხვედრებს მართავს სხვადასხვა  ინსტიტუციების წარმომადგენლებთან. დღეს სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორი მიიღო. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ეროვნული შერიგების პროცესში აქტიურად ჩაერთვება. სახელმწიფო ინსპექტორი შეხვედრის დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ  საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრები მომავალ კვირასაც გაგრძელდება. ორშაბათს სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ელოდება. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ ნიკა მელია პრეზიდენტს საკუთარ ხედვებს გააცნობს, თუ როგორ უნდა დაძლიოს ქვეყანამ არსებული პოლიტიკური კრიზისი. “ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა. პარტიაში თვლიან, რომ შიმშილობის აქცია შერიგების პროცესს ხელს არ შეუშლის.

“ეროვნული თანხმობის” მიღწევის ინიციატივა  საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს 16 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებაზე გააცნო. პრეზიდენტმა შერიგების მნიშვნელობასა და პოლარიზაციის დასრულების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს ვალდებულად თვლის, პრეზიდენტობის დარჩენილი 3 წლის განმავლობაში შერიგების პროცესი დაიწყოს.  თუმცა ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ეროვნული შერიგების პროცესში რაიმე სახის წინაპირობა არ უნდა არსებობდეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები