ეროვნული შერიგების მიზნით, პრეზიდენტი პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს | 22.12.2021

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ეროვნული შერიგების მიზნით, პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. სალომე ზურაბიშვილი დღეს “დროას”  და “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერებს შეხვდა. პრეზიდენთან აუდიენციის შემდეგ ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის ხედვები სწორია და ის პოლარიზაციის დაძლევის გზებს მართლა ეძებს. ზურა ჯაფარიძეს კი პრეზიდენტის  მიერ წამოწყებული პროცესისგან დიდი მოლოდინი არ აქვს და ამბობს, რომ ზურაბიშვილის ინციატივა რეალურად პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ მიმართული არ არის.

დღესვე, ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილიც. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს  და ამბობს, რომ ის მაქსიმალურად ეცდება ეროვნული შერიგების პროცესს ხელი შეუწყოს.

იქნება თუ არა ეროვნული შერიგებისთვის ხელის შემშლელი პოლიტიკური მართლმსაჯულება – ეს არის ერთ-ერთი საკითხი რასაც პრეზიდენტთან ინდივიდუალური შეხვედრების დროს განიხილავენ. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სალომე ზურაბიშვილთან დღეს სახალხო დამცველმაც ისაუბრა. ნინო ლომჯარიას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მზად არის ყველაფრისთვის რაც საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა იქნება. ომბუცმენი არ გამორიცხავს, რომ ეროვნული შერიგებისთვის სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგას, თუმცა იქნება თუ არა ეს ნაბიჯი სააკაშვილის შეწყალება უცნობია.

“ეროვნული თანხმობის” მიღწევის ინიციატივა  საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს 16 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებაზე გააცნო. პრეზიდენტმა შერიგების მნიშვნელობასა და პოლარიზაციის დასრულების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს ვალდებულად თვლის, პრეზიდენტობის დარჩენილი 3 წლის განმავლობაში შერიგების პროცესი დაიწყოს.  თუმცა ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ეროვნული შერიგების პროცესში რაიმე სახის წინაპირობა არ უნდა არსებობდეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები