მე თქვენთან ვრჩები სრულ გამარჯვებამდე! – მიხეილ სააკაშვილის ვრცელი მიმართვა | 21.12.2021

“პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია – ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ, რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება,” – ასეთია ახალი გზავნილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან.  მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი ვრცელ მიმართვაში წერს, რომ ხელისუფლება გამარჯვებულ პარტია მშვიდობიანად გადააბარა, რადგან ხალხს თავად ჰქონოდა არჩევანის საშუალება. სააკაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს მის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ.

“მე აქ ჩამსვეს და მკლავენ იმისათვის, რომ ეკონომიკა ოთხჯერ გავზარდეთ, ბიუჯეტი 12-ჯერ, პენსიები ათჯერ. ეს ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა. მე დავბრუნდი იმიტომ, რომ დავინახე, რომ ყველაფერი გაჩერდა.  გამოსავალი მხოლოდ ერთია – დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტის, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას.  ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლებას, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არამედ მსოფლიოში გაბნეული 5 მილიონზე მეტი ქართველის ყველანაირი მრავალფეროვანი ინტერესის გამომხატველი. გვეუბნებიან, რომ პროტესტი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ეს იგივეა, რომ ადამიანს, რომელიც ჭაობში იძირება, უთხრას, რომ ხელი არ გაანძრიოს,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.  ქვეყნის მესამე პრეზიდენტი  იუბილეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში,  მსჯავრდებულის სტატუსით ხვდება.  ექსპრეზიდენტი დღეს ადვოკატმა მოინახულა. დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა.

ხვალ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება, თუმცა შეძლებს თუ არა ექსპრეზიდენტი პროცესზე მისვლას ამ დრომდე უცნობია. საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია  სააკაშვილის ჯანმრთელობისმდგომარეობაზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები