საქართველოში “ომიკრონი” ოფიციალურად დადასტურდა | 20.12.2021

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ოფიციალურად დადასტურდა. ომიკრონი საქართველოს ორ მოქალაქეს გამოუვლინდა. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ორივე მათგანს მოგზაურობის ისტორია აქვთ და ამ ეტაპზე მათი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. ამირან გამყრელიძის თქმით, ომიკრონით ინფიცირებულებს 26 კონტაქტი ჰყავთ, მათ შორის 11 უცხოელია.

სწრაფად გადამდები შტამის დაფიქსირების მიუხედავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ელოდება. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ომიკრონი მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ამიტომ ვარაუდობს, რომ ახალი შემთხვევები ძირითადად ამბულატორიული იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის ბუსტერ დოზა აუცილებელი იყოს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ომიკრონთან ბრძოლისას ბუსტერიზაცია მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ქვეყანაში მე-6-ე ტალღას აანონსებენ. ექიმები ომიკრონის მასობრივ გავრცელებას ელოდებიან და შიშობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს. მათი თქმით, ჰოსპიტალურ სექტორს პაციენტების მიღება ისედაც უჭირს და თუ კორონავირუსის ახალი შტამი სწრაფად გავრცელდება, შესაძლოა ჯანდაცვის სექტორმა განტვირთვა ვერ მოასწროს და საწოლების დეფიციტი შეიქმნას. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ქვეყანაში ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალია. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი პანდემიას საქართველოში უკვე 13 116 ადამიანი ემსხვერპლა. რთული ეპიდვითარების ფონზე კი ისევ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სულ 2 792-მა ადამიანმა ჩაიტარა. პანდემიის შესაკავებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გეგმავდა, თუმცა ამ დროისთვის  სრულად ვაქცინირებული  მხოლოდ 37,6%-ია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები