დარტყმა მედიაზე – აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს “ოცნება” დაჩქარებული წესით განიხილავს | 17.12.2021

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილეს. სხდომას მედიამენეჯერები და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელბიც ესწრებოდნენ.  მედიის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ ეძლეოდათ. რის გამოც მათ სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. მათი თქმით, კანონპროექტი, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის აკრძალვასაც იტვალისწინებს მედიას ფინანსურ დარტყმას მიაყენებს.

აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ტელეკომპანიებმა “კავკასიამ”, “მთავარმა არხმა”, “ტვ პირველმა”, “ფორმულამ” და რეგიონალური მაუწეყებლების გაერთიანებამ მედიის პოზიცია საქართველოს პარლამენტსაც გადაუგზავნეს. მასში ბრიტანეთის მაგალითია მოყვანილი, რომელიც პრობლემის მოსაგვარებლად რეკლამის განთავსების ტოტალურ აკრძალვებს არ ითვალისწინებს. თუმცა, როგორც კომიტეტზე გაირკვა “ქართულ ოცნებას” მედიამენეჯერების შეთავაზება  არც კი წაუკითხავს.

ტოტალური აკრძალვა, რომ გამოსავალი არ არის ამას აცხადებენ თავად სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებიც. კომპანიების თქმით ამ აკრძალვებით ხელისუფლება ვერ მიიღებს იმ შედეგს რომლის მიღწევაც სურს. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესი უკონტროლო და არალეგალური გახდება და  მომხმარებლები ქართული საიტებიდან უცხოურ საიტებზე გადაინაცვლებენ.

აზარტული თამაშების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ასაკობრივი ცენზი, გაზრდილი გადასახადი და რეკლამირების აკრძალვა – “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით სწორედ ეს შეზღუდვები უწესდება სათამაშო ბიზნესს მომავალი წლიდან. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ  ტელევიზიების თხოვნა გაითვალისწინეს და რეკლამის შეზღუდვა 1 მარტამდე გადადეს. მმართელმა პარტიამ 2 თვიანი ვადა ოპტიმალურად მიიჩნია, იმისთვის, რომ მედიამ ფინანსური დანაკლისი შეავსოს.  კომიტეტის სხდომას ესწრებოდა დღეს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც, რომელიც კანონპროექტის მომზადებაში ჩართული იყო.

“დარტყმა მედიაზე და დარტყმა ადგილობრივ ბიზნესზე” – ასევ აფასებს ოპოზიცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას. დეპუტატებს ხელისუფლების კეთილი სურვილების არ სჯერათ და ამბობენ, რომ  პრემიერის ინიციატივა პრობლემის რეალურ გადაჭრას არ ემსახურება და მათი მიზანი მხოლოდ კრიტიკული მდეიისათვის ზიანის მიყენებაა.

აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მესამე მოსმენით უნდა განიხილოს, რის შემდეგაც პრემიერის ინიციატივას კენჭს სესიაზე უყრიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები