ვინ იღებს პრეზიდენტის მიწვევას – ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო ღონისძიებაზე დაპატიჟა | 15.12.2021

ეს არის შერიგების პროცესის დაწყება“ – სალომე ზურაბიშვილი  ოპოზიციასთან  მოლაპარაკებებისთვის მზად არის და დიალოგის დაწყებასაც აანონსებს. პრეზიდენტი ამბობს,  რომ აიღო ვალდებულება შერიგების პროცესის დასაწყებად და ეს არა მთავრობის, არამედ მისი ვალდებულებაა. განცხადება  ზურაბიშვილმა  “France 24-თან” ინტერვიუში გააკეთა.  პრეზიდენტის თქმით, ყველაზე ცუდი და პრობლემური დღეს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა და მესამე პრეზიდენტის დაბრუნებამ ის მხოლოდ გაამძაფრა. ამბობს, რომ შერიგება ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ უკვე გაიარა და საქართველოსთვის ეს  პროცესი არსებითი მნიშვნელობის იქნება. ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ, საკუთარი ინიციატივა სალომე ზურაბიშვლმა დღეს პატრიარქსაც გააცნო. პრეზიდენტის ადმინიტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა და საკითხზე კურთხევა სთხოვა.

სალომე ზურაბიშვილმა  ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.  „პრეზიდენტს აქვს პატივი მოგიწვიოთ საახალწლო მიღებაზე“ –  ამ ტექსტით ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერებს  მოწვევა გაუგზავნა.  პრეზიდენტი საახალწლო ღონისძიებას ხვალ, ათონელის რეზიდენციაში გამართავს. სწორედ ამიტომ დღეს მთავარი კითხვაა – თუ ვინ დაესწრება ღონისძიებას.  ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამბობენ, რომ შეხვედრას მხოლოდ მაშინ დაესწრებიან, როცა მთავარი განსახილველი საკითხი პოლარიზაციის დაძლევა იქნება.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი პრეზიდენტის საახალწლო მიწვევაზე პოლარიზაციის შემცირების შანსს ხედავს, ამიტომაც ათონელის რეზიდენციაში მისვლას აპირებს. ამბობენ, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რათა როგორც სალომე ზურაბიშვილს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში გაესაუბრონ და ერთად იმსჯელონ შერიგებისა და დიალოგის დაწყებაზე.

„ქართულ ოცნებაში“ მოქმედი პრეზიდენტის გულწრფელობაზე საუბრობენ, თუმცა ამავდროულად ამბობენ, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პოლიტიური პარტიები საპარლამენტო საქმიანობას არ დაუბრუნდებიან, მაშინ დიალოგის დაწყება შეუძლებელია.

შერიგების იდეა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. მან ამ ინიციატივით საზოგადოებას რამდენჯერმე მიმართა. 10 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებულ დემოკრატიულ სამიტზე კი  სალომე ზურაბიშვილმა თქვა,  რომ სიძულვილის და პოლარიზაციის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, საუბარს ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩაბმული. ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილმა წერილით უპასუხა და შეხვედრა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილთან ერთად შესთავაზა. შეთავაზებას ექსპრეზიდენტი მარგველაშვლი დათანხმდა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები