ეროვნული შერიგების იდეა – რას ამბობენ სააკაშვილის ინიციატივაზე ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები | 13.12.2021

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, გარდა მმართველი პარტიისა.  შერიგების კონკრეტული გეგმა მიხეილ სააკაშვილმა  ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს და ხელისუფლებას შესთავაზა და გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრისკენ და შერიგებისკენ მოუწოდა. ამ შეთავაზებას  მმართველი გუნდი  საკუთარ წინაპირობით პასუხობს.  ამბობენ, რომ ჯერ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა დაბრუნდეს,  სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით, “უხერხულია”, როცა “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური დივიდენდის მიღების მიზნით პოლიტიკურ შერიგებაზე საუბრობს.

სამიდან ორი პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, მაგრამ პასუხი მესამე პრეზიდენტის ინიციატივაზე არ უთქვამს მოქმედ პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ დუმს და არ ამბობს, მზადაა თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას დათანხმდეს ან ზოგადად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს პოლიტიკური კრიზისის გასანეიტრალებლად.

სამი პრეზიდენტის ფორმატში შეხვედრის იდეა მისაღები და სწორია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტისთვის. გიორგი მარგველაშვილის თქმით, “ინკლუზიური პროცესის” დასაწყებად სამი პრეზიდენტის შეხვედრა ადეკვატური იქნება. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა. მარგველაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში მიმდინარე  წელს განვითარდა.

„მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას“ – გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს. მესამე პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდება საზოგადოების ფართო წრეებს, ისევე როგორც პატარა ჯგუფებს და ყველას აზრს მოისმენს. სააკაშვილი ამბობს, რომ შეხვედრების პარალელურად საზოგადოებამ საპროტესტო აქტიურობის ინტენსიფიკაცია უნდა მოახდინოს.

სალომე ზურაბიშვილის პასუხს ელოდება და შერიგების აუცილებლობაზე საუბრობს სრულიად ოპოზიციური სპექტრი. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს.  ამბობენ, რომ სამი პრეზიდენტის მოლაპარაკები  პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ერთადერთი გამოსავალია. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყნის მომავალს პერსპექტივა არ აქვს და პოლიტიკური პროცესები მუდმივად კრიზისისა და დაპირისპირების ფონზე გაგრძელდება.

10 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებულ დემოკრატიულ სამიტზე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა,  რომ სიძულვილის და პოლარიზაციის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად საუბარს ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩაბმული. პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ინკლუზიური პროცესის დაწყებაზე წერილით უპასუხა და მას დიალოგის დასაწყებად პირველი შეხვედრა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილთან ერთად შესთავაზა. როგორც სააკაშვილი ამბობს, ასეთი სახის დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს.