გახდა თუ არა გუნდში დაპირისპირება ტიკარაძის გადადგომის მიზეზი – „ოცნებაში“ დაპირისპირებას უარყოფენ | 13.12.2021

გახდა თუ არა გუნდში დაპირისპირება ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის მოვალეობა წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს, ის მთავრობის სხდომებს აღარ ესწრება. ტიკარაძის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მისი მოადგილე მივიდა. თამარ გაბუნია ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე მინისტრის დასწრების აუცილებლობა არ იყო, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროს მთავრობის სხდომაზე გასატანი საკითხები არ ჰქონდა.

ისევ უცნობია ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს საკითხი მთავრობის მეთაურის პრეროგატივაა.  “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეკატერინე ტიკარაძე პოსტიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა. ოპოზიციაში კი დარწმუნებულნი არიან, რომ ჯანდაცვის მინისტრი “ქართული ოცნების” ლიდერებთან უთანხმოების გამო გაუშვეს. რაც შეეხება მის შემცვლელს, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ტიკარაძეს ირაკლი ღარიბაშვილის კადრი შეცვლის.