ევროპის საბჭოს დელეგაცია დღეს დილიდან პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს | 10.12.2021

ევროპის საბჭოს დელეგაცია დღეს დილიდან პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს. ასამბლეის მონიტორინგის წევრებმა პირველი შეხვედრა “ნაციონალურ მოძრაობასთან” გამართეს. ოპოზიციური პარტიის წევრებმა პარტნიორებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, შერჩევით მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ შურისძიებაზე მიაწოდეს ინფორმაცია. მათი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა იყო. გარდა ამისა ევროსაბჭოს დელეგაციამ “ნაციონალური მოძრაობისგან”  მოისმინა მათი ხედვები საქარრთველოს კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.

დღსვე, ევროპის საბჭოს დელეგაციამ შეხვედრები სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც გამართა. განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია და მისი დაძლევის გზები იყო. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკურ დევნაზე, რომელიც ოპონენტებისა და მედიამფლობელების მიმართ მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ “ქართული ოცნება” მუდმივად არღვევს ყველა ტიპის შეთანხმებას და არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.