ხელისუფლება ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად – სააკაშვილის განცხადება | 09.12.2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, მიხეილ სააკაშვილის გარეშე განიხილეს. პროკურატურის  წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეს მტკიცებულებად დაერთო სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებები დაირღვა. საქმეს ასევე დაერთო პრემიერმინისტრის ის განცხადებაც, რომელშიც  ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ჭკვიანად არ მოიქცეოდა, მას ახალ ბრალს წარუდგენდნენ. დაცვის მხარემ მიხეილ სააკაშვილისთვის ზარების განხორციელების უფლების აღდგენაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

უფლებადამცველები მესამე პრეზიდენტისთვის წარდგენილ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მშვიდობიანი დაბრუნებით მმართველ გუნდს პროვოკაციების განხორციელებაში ხელი შეუშალა. ადვოკატების თქმით, მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ყველა სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო, თუმცა განცხადება გაავრცელა. წერს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს საზოგადოების ყურადღება  ორი მთავარი თემისგან გადაიტანოს – რიგგარეშე არჩევნებისა და მისი გათავისუფლებისგან. „ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები“ – წერს მსჯავრდებული პრეზიდენტი და დეკემბერში მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს. ექსპრეზიდენტი ასევე წერს, რომ, ხელისუფლება  ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად.

ქართულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმეზე სააკაშვილთან ერთად 4 პირია დაკავებული.