ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი განაჩენის მოლოდინში – ბრალდებულების დემარში სასამართლო პროცესზე | 09.12.2021

ე.წ ფულის გათეთრებაში ბრალდებულების დემარში საქალაქო სასამართლოს პროცესზე – მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა სასამართლო სხდომა პროტესტი ნიშნად დატოვეს. მიზეზი პროკურატურის მიერ წინასწარ მომზადებული დასკვნითი სიტყვა გახდა. როგორც ირკვევა სახელმწიფო ბრალდებამ რანდენიმე გვერდიანი დასკვნითი სიტყვა ისე მოამზადა, რომ საქმის მთავარი ფიგურანტების მოწმის სახით გამოკითხვასაც არ დაელოდა. დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლოს ჩვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდნენ, თუმცა როგორც გაირკვა მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას პროკურატურისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ბრალდების მხარე დღეს სასამართლოში უკვე დაწერილი დასკვნითი სიტყვით მივიდა. ბრალდებულები სასამართლო პროცესს ფარსს უწოდებენ და ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი დღესაც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე საქალაქო სასამართლოს ჩვენება დღეს ბადრი ჯაფარიძემ მისცა. “თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა 17 მილიონიანი ტრანზაქციის დეტალები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ აღძრული საქმე ფალსიფიცირებულია. სხდომაზე რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ბადრი ჯაფარიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიღებული წერილი კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომელშიც გიორგი გახარია ჯაფარიძეს ავთანდილ წერეთელზე ზეგავლენის მოხდენას და “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას სთხოვდა. ჯაფარიძის თქმით სწორედ ეს წერილიც ადასტურებს იმას, რომ მათ მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია.

დღესვე, მოწმის სახით გამოიკითხა ბიზნესმენი ავტანდილ წერეთელიც, რომლისგანაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სადაო 17 მილიონი ისესხეს. ავთანდილ წერეთელი ბრალდებას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა ავთანდილ წერეთლის შვილი, ვატო წერეთელიც. “ტვ პირველის” დამფუზნებელი ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს მისი ოჯახის მიმართ შურისძიებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამას შესაძლოა უმძიმესი შედეგი მოჰყვეს. ვატო წერეთლის თქმით, ავთანდილ წერეთელმა რამდენიმე თვის წინ უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება, რისთვისაც მათ 4 დღის წინ პროკურატურას მიმართეს, თუმცა საგამოძიებო უწყება ამ დრომდე დუმს და ავთანდილ წერეთელს საზღვრის კვეთის ნებართვას არ აძლევს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინა. საგამოძიებო უწყება მათ ჯგუფურად 17 მილიონი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.