არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, ორივეს ქალი ხელმძღვანელობს – მიხეილ სააკაშვილი | 07.12.2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. გამოძიებით დადგინდა, რომ ექსპრეზიდენტის პერსონალური მონაცემები უხეშად დაირღვა.  ინსპექტორის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტების გასაჯაროებით,დაირღვა პერსონალური მონაცემები. ინსპექტორის  ყურადღების ცენტრში მოექცა, ექსპრეზიდენტის გლდანის ციხეში შესახლების კადრებიც.   უწყების  შეფასებით, კადრების გასაჯაროება, რომელშიც ის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ხელში აწეული, წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში  გადაჰყავთ, ღირსების შემლახავია. ინსპექტორის გადაწყვეტილებით,  იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დაეკისრა. უწყების განმარტებით, ყველა ვიდეო მასალა უნდა წაიშალოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებას მიესალმება თავად  მიხეილ სააკაშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნით კმაყოფილები არიან  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები. ამბობენ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის მსგავსად, დამოუკიდებლობის ნიშნებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც ავლენს.

რამდენიმე დღეში მოვლენების ეპიცენტრი ისევ საქალაქო სასამართლო იქნება. ამჯერად მოსამართლემ ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე უნდა იმსჯელოს.  ადვოკატი მიიჩნევს, რომ დევნილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება არალეგალურად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  ხვალ პროტესტის ახალი ტალღა  იწყება. აქციების ორგანიზატორი მოქალაქეთა ჯგუფია, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ერთიანდებიან. პროტესტის პირველი ლოკაცია სალომე ზურაბიშვილის სასახლე იქნება. ამბობენ, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის გათავისუფლების ბერკეტი სწორედ  მოქმედი პრეზიდენტის ხელშია. დათმობს თუ არა  ზურაბიშვილი პოზიციას,რომ მიხეილ სააკაშვილის არასდროს შეიწყალებს- უცნობია.