ირაკლი კობახიძე, ეს ის ბრძოლაა, რომელსაც თქვენ ყოველ ჯერზე წააგებთ – კელი “ოცნებისგან” დეგნანს იცავს | 06.12.2021

„ირაკლი კობახიძე, ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატს და რეპუტაციას,  ეს ის ბრძოლაა, რომელსაც თქვენ ყოველ ჯერზე წააგებთ“ – კელი დეგნანის დასაცავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი უპირისპირდება. დიპლომატი კობახიძეს ურჩევს და მოუწოდებს, შეწყვიტოს ბრძოლა კელი დეგნანის წინააღმდეგ, რადგან ამ დაპირისპირებაში იან კელი “ოცნების” ლიდერს მარცხს უწინასწარმეტყველებს.

ოპოზიციას „ქართული ოცნების“ იერიში დიპლომატების წინააღმდეგ არ უკვირს. ამბობენ, რომ უკვე ტენდენციური ხასიათი მიიღო დიპლომატების მიმართ ხისტი ენით საუბარმა და დაუმსახურებელმა კრიტიკამ. მათი თქმით, რუსული ნარატივის გაგრძელება და “ქართული ოცნების” მცდელობა კუნთები უჩვენოს დასავლეთს საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია და მთავარი მიზანი საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაყვანაა.

ირაკლი კობახიძემ კელი დეგნანს კვალიფიკაცია დაუწუნა და თქვა, რომ დეგნანი კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი არ არის. “ოცნების” თავმჯდომარემ ელჩის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ არ დაიშურა, რაც რამდენიმე დღის წინ დეგნანმა განაცხადა, რომ არჩევნებში 2%-იანი ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს და აღნიშნა, რომ სამწუხარო იქნება თუ ყველა პარტიის მიერ შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღება. კელი დეგნანმა ოცნების ლიდერს მალევე უპასუხა და თქვა, რომ კონსტიტუციურ სამართალში გამოცდილება მასაც აქვს.