თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის პროტესტის ფონზე წარიმართა | 03.12.2021

თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულო დამტკიცებულია. ახალი თავმჯდომარე, უკვე მეორედ, გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელსაც მხარი  27-მა დეპუტატმა დაუჭირა. არჩეულია თავმჯდომარის მოადგილეებიც, საკრებულოში ყველა თანამდებობას ისევ “ქართული ოცნების” წევრები იკავებენ. ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ყველა გადაწყვეტილების მიღებაში კონსტრუქციულად ჩაერთონ. დღევანდელი სხდომა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.

თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის პროტესტის ფონზე წარიმართა.  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პირველივე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი დღეს საკრებულოში ბათუმში გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შემდეგ კი სხდომათა დარბაზი დატოვეს.

თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა  პროტესტის ნიშნად დატოვეს პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა. გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა უარი თქვეს საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევაში მონაწილეობაზე.

საკრებულოში აქტიური საქმიანობის და თბილისელების ინტერესთა დაცვის მიზნებზე საუბრობენ პარტიების “ლელო” და “ხალხისთვის” წარმომადგენლები. ამბობენ, რომ საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება, თანამდებობების ოპოზიციისთვის არ დათმობასთან დაკავშირებით, ცუდი პოლიტიკური კულტურის გამოხატულებაა. მათი თქმით, საკრებულოებში ოპოზიციის მთავარი მიზანი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლა იქნება.

ახალი მოწვევის საკრებულოები დღეს ქვეყნის მასშტაბით პირველად შეიკრიბა. პირველი სხდომა უხუცეს წევრს უნდა წაეყვანა, თუმცა პარტია „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკრებულოს მანდატზე უარი თქვა. საკრებულოში ჯაფარიძეს, სავარაუდოდ, ვატო სურგულაძე შეცვლის. თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. მე-7-ე მოწვევის საკრებულოში  უმრავლესობას 29 დეპუტატით „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.  13 დეპუტატი ჰყვას „ნაციონალურ მოძრაობას“, 4 – პარტია „საქართველოსთვის“, 2 – „ლელოს“, ხოლო ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ საკრებულოში ერთი წარმომადგენელი ჰყავს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები