როგორ წარმოგიდგენიათ დავიცვა პოზიციები, ვიდრე ვარ პუტინის და მისი შნირი ივანიშვილის პირადი ტყვე? | 02.12.2021

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი დღეს ისევ შუშის ბარიერს მიღმა ამტკიცებდა რომ უდანაშაულოა. ე.წ. პიჯაკების საქმეზე, სადაც ბრალდების მხარე ექსპრეზიდენტს  საბიუჯეტო თანხის, 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მიხეილ სააკაშვილმა პროკურორები და მოსამართლეები კორუფციასა და თანხის გაფლანგვაში დაადანაშაულა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ იმ 9 მილიონიდან, რომელსაც მას პროკურატურა ედავება, თანხის მეხუთედი სანდრა რულოვსმა გარკვეულ ქველმოქმედებას მოახმარა.  სააკაშვილი დაინტერესდა, რატომ არ ასამართლებდნენ ამისთვის ყოფილ პირველ ლედის.

სააკაშვილმა დღეს რამდენჯერმე განმარტა რომ ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა. ექსპრეზიდენტი  ამბობს, რომ სასამართლო სისტემის შეცვლის შემთხვევაში მზად არის საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

სააკაშვილმა  თქვა ისიც, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა გაუქმდეს, ხოლო  ძალოვანი უწყებები მთლიანად სხვა სისტემაზე გადავიდეს. ექსპრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, უზენაეს სასამართლოში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა მოხდეს და მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად შეიცვალოს.

ექსპრეზიდენტმა წინა სასამართლო პროცესზე მის მიერ გაკეთებული განცხადებები განმარტა. თქვა, რომ  ხელისუფლების უზურპატორებისთვის ბოდიშის მოხდას  არ აპირებს. საზოგადოებას კი, რომელსაც მის მიმართ ნდობა არ აქვს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი ღია დისკუსიას სთავაზობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესს დღეს მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  სიტყვის გამოსვლა ბრალდებულმა სწორედ  ჟურნალისტებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.  სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა  7 ნოემბრის პერიოდი,  როცა ტელეკომპანია “იმედში” სამართალდამცველების შევარდნით ჟურნალისტს სტრესი მიადგა.  ექსპრეზიდენტი ამბობს,რომ  7 ნოემბრის ამბებმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ ხანგძლივი მკურნალობა დასჭირდა.   საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ტელეკომპანია “კავკასიის” მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტს  სახელმწიფოს კუთვინილი ქონების გაფლანგვას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონი ლარი. ე.წ.  პიჯაკების საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.  თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან  ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშიაც. ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 27 დეკემბერს განახლდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები