„ოცნება“ ირწმუნება, რომ სააკაშვილს 6-წლიანი სასჯელის მოხდა სრულად მოუწევს | 26.11.2021

მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა, იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულის სასამართლოში გადაყვანა დააანონსა.  მესამე პრეზიდენტი ჩანიშნული სხდომის პარალელურად- მხარდამჭერებს სასამართლოს ეზოში შეკრებისკენ მოუწოდებს.  ამბობს, რომ ეს იქნება პირველი შესაძლებლობა, როცა საზოგადოებისთვის პირდაპირი მიმართვის საშუალება მიეცემა. ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაგეგმილი აქციის გამო უარი არ თქვას სააკაშვილის სხდომაზე მიყვანაზე. იურისტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს არ აცხადებს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მსჯავრდებულმა პროტესტის ამ ფორმას ისევ მიმართოს.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, პროტესტის ნიშნად კვლავ მკურნალობას შეწყვეტდა და წამლების მიღებაზე უარს იტყოდა.  საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა სამთავრობო კონსილიუმის ერთ-ერთმა ექიმმა.  ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე  ამბობს, რომ ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა მისი რეკომენდაციაა, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, პაციენტი მნახველების მიღებით არ გადაიღალოს.

გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან, მიხეილ სააკაშვილი გორში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც, ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროსგან მიღებულ შეთავაზებას  სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ. იუსტიციის მინისტრის  განმარტებით, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი არის ადგილი სადაც ექსპრეზიდენტის  ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად  დაცული იქნება.  მინისტრმა უკვე დაანონსა, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ, მიხეილ საკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდება.