18 წელი ვარდების რევოლუციიდან- მესამე პრეზიდენტი რევოლუციის მე-18 წლის თავზე ხელახალ ფიცს დებს | 23.11.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი  რევოლუციის მე-18 წლის თავზე ხელახალ ფიცს დებს. მიხეილ სააკაშვილი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და ქართველ ხალხს პირდება, რომ ქვეყანა ძველ დიდებას და ბრწყინავლებას დაიბრუნებს. პატიმრობაში მყოფი  ექსპრეზიდენტი წერს, რომ ვარდების რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო, რაც ქართველი ხალხის დამსახურებაა. მისივე  თქმით, “ვარდების რევოლუციამ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა.

2003 წლის 2 ნოემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ და მაშინდელმა სახელისუფლებო პარტიამ ტოტალურად გააყალბა. საკუთარი ხმების დასაცავად კი  “ნაციონალურმა მოძრაობამ” სასპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია მოსახლეობასთან ერთად ქუჩაში გამოვიდა.  პროტესტი 20 დღის განმავლობაში არ განელებულა. მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების მიერ ოპოზიციის გამარჯვების აღიარება იყო. 13 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აღარ აპირებდა და აქციების ერთადერთ მოთხოვნად საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა იქცა. მასშტაბური პროტესტის მუხედავად,  ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის პირველი სხდომა მაინც ჩანიშნა. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას კი მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის მიმართულებით, ვარდებით ხელში დაიძრა და სხდომათა დარბაზში შევიდა.  რასაც ედუარდ შევარდნაძის გადადგომა, შემდეგ კი ხელისუფების შეცვლა მოჰყვა.