ციცხალი ჯაჭვი თბილისში – ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავი | 23.11.2021

თბილისში მოქალაქეებმა  ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავი  აღნიშნეს. მათ რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრეს. აქცია-პერფორმანს “ნაციონალური მოძრაობის” და  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები,  სამოქალაქო აქტივისტები,  ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში  წითელი ვარდები ეჭირათ, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეები პროტესტის ამ ფორმით  ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ახსოვთ დღე, რომელიც ცვლილებებს თავისუფლებას  განვითარებასა და დიდ რეფორმებს უკავშირდება.  ცოცხალ ჯაჭვში მონაწილე პირები ამბობენ, რომ აუცილებლად სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა უნდა გაგრძელდეს.

ცოცხალ ჯაჭვს წინ უძღოდა დედაქალაქის 8 ლოკაციაზე გამართული  აქცია-პერფორმანსი. აქციის მონაწილეებმა ბარათაშვილის, ვახუშტის, მშვიდობისა და მშრალ ხიდებზე ბანერები გადმოფინეს სახელწოდებით ვარდების რევოლუცია. ბანერი გადმოიფინა, მეტეხის ხიდზეც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის გახსენება რადგან ამ თარიღს ბევრი წარმატება  და რაც მთავრია საქართველოს განვითარება და თავისუფლება უკავშირდება.

დედაქალაქის გარდა ვარდების რევოლუციის 18 წლისთავი აღნიშნეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც.