სოციალური დახმარების ნაცვლად სამუშაო ადგილების შეთავაზება – ექსპერტები პრემიერის ინიციატივაზე | 23.11.2021

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ღარიბაშვილის ინიციატივას სწორს უწოდებს. ელგუჯა მელაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არის, მაგრამ არ არსებობს მექანიზმები, რომელიც შრომის ბაზარს დაარეგულირებს.  პრემიერის ინიციატივას მიესალმება და სოციალურად დაუცველი ადამიანების უნარების შესწავლაზე აკეთებს აქცენტს სამშენებლო სექტორის წარმომადგენელი. კობა ქათამაძე მიიჩნევს, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ძირითადი პრობლემა პროფესიული განათლების არარსებობაა.

გუშინ, პრემიერ-მინისტრმა ორი ახალი ინიციატივა გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომელიც აქამდე დასაქმებით დაინტერესებული არ იყო, მოტივაციას გაუჩენენ და სამუშაო ადგილს შესთავაზებენ. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგულაციები უმკაცრდება სამათაშო ბიზნესს. პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებს გადასახადები გაეზრდებათ, ასაკობრივი ზღვარი კი 25 წლამდე გაიზრდება, მეორე ეტაპზე კი პრემიერი ონლაინ-კაზინოების სრულად აკრძალვას ემხრობა.