“თქვენ გადაარჩინეთ ჩემი სიცოცხლე” – სააკაშვილ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა | 19.11.2021

მიხეილ სააკაშვილ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა და შიმშილობას შეწყვეტს.  ამის შესახებ ექსპრეზიდენტის  ადვოკატმა  ნიკა გვარამიამ გლდანის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის კადრები დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.  სამედიცინო დაწესებულებას აქვს რეანიმაციული განყოფილება, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა და მულტიპროფილური სერვისი.  დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ  სამხედრო ჰოსპიტალს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში პაციენტს სათანადო მომსახურება შესთავაზოს.

მთავრობამ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა დღეს შესთავაზა. ამის შესახებ  იუსტიციის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. რატი ბრეგაძის განმარტებით, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი არის ადგილი სადაც ექსპრეზიდენტის  ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად  დაცული იქნება.  მინისტრი მოუწოდებს ოპოზიციას შესაძლო პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა. ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა. მოგვიანებით,  ცნობილი გახდა, რომ პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება – ვერნიკეს ენცეფალოპატიით გამოწვეული გულყრა. ახლა კი  სახეზეა უფრო საშიში გართულების – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.  50 დღიანი შიმშილობის შემდეგ ახლა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გორის სამხედრო ჰოსპიტალში უნდა იზრუნონ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები