ბრალდებულის სკამი ისევ ცარიელია- სააკაშვილის სასამართლო სახელმწიფო საზღრვრის უკანონო კვეთაზე | 16.11.2021

პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს საკუთარ პროცესზე დასწრების საშუალება ისევ არ მისცა. მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, თუმცა მესამე პრეზიდენტმა პროცესში ამ სახით მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სასამართლო პროცესზე, პენიტენციურ დაწესებულებაში გაგზავნილი დოკუმენტის წაკითხვას, ადვოკატებსა  და მოსამართლეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი ჩატარდა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  ადვოკატებმა მოსამართლე დავით კურტანიძის და პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენეს. სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადება, რომ პროკურორები პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობენ და დავალებებს იღებენ. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება. ადვოკატები სასამართლო სხდომებს ფარსს უწოდებენ. პროკურატურა კი  დაცვის მხარეს სპეკულაციაში ადანაშაულებს.

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას 3 ოქტომბერს აპირებდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა “ქართულ ოცნებას” მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო და სოციალურ ქსელის მეშვეობით მხარდამჭერებს საქართველოდან მიესალმა. მალევე ექსპრეზიდენტმა რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ის ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში იმყოფებოდა. “ქართული ოცნების” ლიდერები მთელი დღის განმავლობაში იმეორებდნენ, რომ ძებნილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი გადმოუკვეთილი არ ჰქონდა. დღის ბოლოს კი მმართველი პარტიის ლიდერებს  უხერხული რეალობა დაუდგათ.  პრემიერმა ღარიბაშვილმა  საზოგადოებას აცნობა, რომ სააკაშვილი, თბილისში  დაკავეეს.  მესამე პრეზიდენტის მიერ საზღრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშიერბით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.