ბატონო მიხეილ, გაძლიერდით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!- ანა ფოტიგას სააკაშვილის ნახვაზე უარუ უთხრეს | 13.11.2021

მიხეილ სააკაშვილი უკვე 44 დღეა შიმშილობს. ექსპრეზიდენტი ამ დრომდე ძალაში ტოვებს მოთხოვნას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაძლო რისკებზე საუბრობს მსჯავრდებულის  ადვოკატი. ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, სააკაშვილს პერიოდულად აქვს წნევის ცვალებადობა, რაც მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ექიმი ამბობს, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მკურნალობას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ.

ექიმის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ ჩვეულებრივ საკანში იმყოფება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ამბობს, რომ დაწესებულებაში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია. ასევე არსებობს კითხვები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. “ქართულ ოცნებაში” კი ირწმუნებიან, რომ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს გლდანის ციხის საავადმყოფოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან  გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში  8 ნოემბერს გადაიყვანეს. მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ თქვა, რომ სააკაშვილის გადაყვანა მისი ნებით განხორციელდა. უწყებამ ამის ამსახველი კადრებიც გაასაჯაროვა. თუმცა სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ის მოატყუეს, უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, რეალურად კი გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს. 2 დღის წინ  კი პენიტენციურმა სამსახურა თავად გაავრცელა მძიმე კადრები, საიდანაც ირკვევა, რომ   სააკაშვილი გლდანის ციხის ჰოსპიტალში მოტყუებით და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სასწრაფო დახმარების მანქანიდან რამდენიმე ადამიანს ძალის გამოყენებით გადმოჰყავს, მიათრევენ დერეფანში და შეჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ასევე ჩანს, რომ მომხდარის გამო გაბრაზებული სააკაშვილი ბადრაგს ეჩხუბება და სამედიცინო ინვენტარს აზიანებს. პატიმარი პრეზიდენტის მიმართ მსგავს მოპყრობაში – საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ხელისუფლება.