პოლიტიკური შეთავაზება – „ლელო“ „ოცნებას“ მოუწოდებს ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს | 08.11.2021

პარტია „ლელო“,  ხელისუფლებას მოუწოდებს  სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს. ამბობენ, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეა და ყოველმა დაკარგულმა წუთმა შესაძლოა, ქართული სახელმწიფოს ბედი დრამატულად შეცვალოს.  პარტია მზად არის დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში.

სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების და ქვეყნის  გამარჯვების სამოქმედო გეგმა წარადგინა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმაც. გიორგი ვაშაძის თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავლის ძიება და პოლიტიკური კრიზისის ფიზიკურ სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაზრდა  ყველას პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. გეგმის მიხედვით, საჭიროა კომპრომისი ყველა მხრიდან. ვაშაძის თქმით,  აუცილებელია სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, სასამართლოს რეფორმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა  და 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად ძალაუფლების განაწილება.

პარტია “ლელოს” ინიციატივასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ სასაუბრო თემა ექსპრეზიდენტის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები იქნება. „ლეიბორისტულ პარტიაში“ კი  მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პრობლემა არასდროს ყოფილა და ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ. ინიციატივის მიმართ სკეპტიკურად არიან განწობილები პარტია „გირჩში“. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ შეთავაზების ეფექტურობაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის.

მმართველ პარტიაში “ლელოს”  მიერ შეთავაზებულ ინიციატივას ა ფუჭს უწოდებენ და ამბობენ, რომ მოლაპარაკება ვერ მოხდება თუკი მთავარი  საკითხი მიხეილ სააკაშვილის გათავისფულება იქნება.

“ქართული ოცნების” ლიდერების ამ პოზიციის მიუხედავად, პარტია “ლელოს” შეთავაზება დღეს პირადად მოისმინა პარლამენტის თავმჯდომარემ.  კახა კუჭავამ  და მამაუკა ხაზარაძემ, დიალოგის აუცილებლობაზე პარლამენტში დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.  რა დათმობაზე წავა მმართველი პარტია და იხილავს თუ არა საზოგადოება მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ამ ეტაპზე უცნობია.