დასრულდეს პოლიტიკური დევნა – ოპოზიცია დედაქალაქში უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს | 08.11.2021

ოპოზიცია დედაქალაქში უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვენის მოთხოვნით ათასობით ადმაიანი დღეს 20 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება. მასშტაბურ პროტესტს უერთდებიან რეგიონებიდანაც. დედაქალაქისკენ ავტოკოლონები უკვე მოემართებიან. თბილისის მთავარ მოედანზე აქციისთვის სამზადისი დილიდან დაიწყო.   ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახლა მოქმედების დრო დადგა, ვინაიდან ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ოპოზიცია დარმუნებულია, რომ უწყვეტი პროტესტის პირობებში “ქართულ ოცნებას”  დათმობაზე წასვლა და მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა მოუწევს.

ოპოზიციის საპროტესტო აქციას უერთდებიან “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერებიც. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტით არსებული ვითარება შეიცვალოს. ვაშაძე მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” გაიაზროს შექმნილი ვითარება, ვინაიდან მისი თქმით ხელისუფლების სიჯიუტემ შესაძლოა ქვეყანა მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს.

უწყვეტ საპროტესტო ტალღას არ უერთდება ოპოზიციის ნაწილი. მაგალითად “გირჩის” წევრები ოპოზიციონერ კოლეგებს წარმატებას უსურვებენ, თუმცა თვლიან, რომ კონკრეტული იდეის გარეშე დაწყებული პროტესტი განწირულია.

თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას გამოეხმურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს და ამბობს, რომ დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან არეულობის ყველა მცდელობა იქნება აღკვეთილი და სამაგალითოდ დასჯილი.  “ქართულ ოცნებაში” ისევ ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად არის, იკვებება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დრამატიზება ხდება.

უწყვეტი აქციების დაანონსების შემდეგ პარლამენტის უკანა შესასვლელთან ისევ რკინის ღობე აღმართეს. დღეს დილიდან დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სწორედ რკინის კონსტრუქციის გავლით უწევთ. დილიდან მიმდინარეობს სამართალდამცველების მობილიზებაც. კანცელარიის ეზოში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც შეიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს და მოქალაქეებს არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. გომელაურის უწყება აქციის მონაწილეებს შეახსენებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება აკრძალულია.

ოპოზიციამ უწყვეტი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაანონსა, რაც “ქართული ოცნებისთვის” მიცემული 24 საათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა,  საქართელოს მესამე პრეზიდენტი კი სამოქალაქო კლინიკაში მაინც არ გადაიყვანეს. “დაიწყე სამშობლოს გათავისუფლება თავისუფლების მოედნიდან” – ასე ეხმაურება დაგეგმილ აქციას 320-ე საკანში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს, რომ ქვეყნის მთავარ მოედანზე მის ნაცვლად მივიდნენ.