მთავრობა ახალ რეგულაციებს აწესებს – პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება | 08.11.2021

გაუარესებული ეპიდმდომარეობისა  და ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო მთავრობა ახალ რეგულაციებს აწესებს. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართილ ბრიფინგზე განმარტა,  მხოლოდ “მწვანე პასპორტის” მქონე ადამიანებს შეეძლებათ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლა. რესტორნები, კაფეები და ბარები, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები  და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, ასევე  სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტები – ამ ობიექტებზე მოხვედრისთვის, პირს “მწვანე პასპორტი” დასჭირდება.

კიდევ ერთი რეგულაცია პენსიონერებს შეეხებათ. პენსიაში გასული პირი, რომელიც პირველ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს.

როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ყველა მონაცემით საქართველო ვირუსის პიკშია, რამაც შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და სიკვდილიანობის გაორმაგებაც გამოიწვიოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით,  კოვიდთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მობილიზებულია 9 ათასამდე საწოლი, საიდანაც 7 ათასამდე უკვე დაკავებულია. მინისტრის მოადგილის თქმით, ეპიდვითარებაზე მნიშვნელოვნ გავლენას ახდენს პირბადეების გამოყენების შემცირება და გაზრდილი მობილობა.

ქვეყანაში  კორონავირუსის  2 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილთა რიცხვს კი კიდევ 74 ადამიანი შეემატა.  გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 509  მიაღწია. რაც შეეხება აცრას, ბოლო 24 საათში მხოლოდ   1 204  ადამიანი აიცრა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები