სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან არანაირ საკვებს არ იღებს – ომბუდსმები | 06.11.2021

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებდა. ომბუდსმენის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ სააკაშვილს ამ პროდუქტს სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.  რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ კვების დაწყებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმციას   ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ  ომბუდსმენი დამატებით შეისწავლის იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.