შიმშილობის 27-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად, სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს | 27.10.2021

შიმშილობის 27-ე დღეს  მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, განიხილავენ ექსპრეზიდენტის გადაყვანას ულიცენზიო დაწესებულებაში, სადაც არ არსებობენ კომპეტენტური პირები, ვინც განახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. გვარამია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაცვის მხარე სრულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის  ციხის საავდმყოფოში  გადაყვანას, რადგან ფლობენ ინფორმაციას ე.წ. იმიტირებული ბუნტის შესახებ.

“მიხეილ სააკაშვილი ყოველ დღე სუსტდება. მას ჰქონდა ოთხი  კრიზისი” –  განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის სახალხო დამცველი აკეთებს. ლუდმილა დენისოვა საქართველოში პატიმარი სააკაშვილის საქმის გასაცნობად ჩამოვიდა. უკრაინელი ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.

როგორც უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა ამბობს,  საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას ის  40 წუთი დააყოვნეს.  ექსპრეზიდენტის საქმეში ჩართვას უკრაინელი ადვოკატიც გეგმავდა, თუმცა  მასაც პრობლემები  შეექმნა. ევგენი გრუშოვეცი  საზღვარზე არ შემოუშვეს. უკრაინელი უფლებადამცველი ახსნა-განმარტებებს, თვითმფრინავის ბორტზე უშედეგოდ ელოდა. მესამე პრეზიდენტის ქართველი ადვოკატების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის ქვეყანაში არშემოშვება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს, რათა მესამე პრეზიდენტის უფლებები შეილახოს.

კვლავ აქტუალურია კითხვა, შეიცვლის თუ არა ხელისუფლება პოზიციას და დათანხმდება თუ არა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ კერძო კლინიკაში გადაიყვანას. პატიმარი სააკაშვილი პოზიციას არ იცვლის და კატეგორიულ უარს ამბობს, მკურნალობა გლდანის ციხეში ჩაუტარდეს.

სააკაშვილის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” მზად არის, შეიქმნას კვალიფიციურ ექსპერტთა კომისია, რომელიც მესამე პრეზიდენტის მდომარეობას შეისწავლის. მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, ეს იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ჯგუფი.

320-ე საკანში საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამედიცინო დახმარება უკვე რამდენჯერმე დასჭირდა. ადვოკატები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია და  არსებობს გულის გაჩერების რისკიც.