გამარჯვების ფორმულა თუ ფარსი – შეფასებები ნიკა მელიას წარდგენილ კოალიციურ გუნდზე | 21.10.2021

არჩევნების მეორე ტურებამდე,  10 დღით ადრე “ნაციონალურმა მოძრაობის” ჩრდილოვანი კაბინეტი დაასახელა.  ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ირაკლი აბესაძე იქნებიან. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მერიაში პოსტებს გადაინაწილებენ ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები.  როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გუშინ გამართულ პრეზენტაციაზე თქვა, მრავალპარტიული კოალიცია დემოკრატიულ წინსვლაზე იქნება ორიენტირებული. კოალიციურ მთავრობაში შემავალი პარტიების ლიდერების შეფასებით კი  ეს არის ისტორიული განაცხადი, რადგან აქამდე დედაქალაქს მსგავსი  მრავალპარტიული მთავრობა არ ჰყოლია. ოპოზიცია თბილისელებს პირდება, რომ განსხვავებული აზრის მიუხედავად, დედაქალაქსა და მის მოსახლეობაზე ერთად იზრუნებენ.

თბილისში ოპოზიციასთან კოალიციას ვერ ქმნის “სტრატეგია აღმაშენებელი”, რადგან პარტიას დედაქალაქში წარმომადგენელი არ ჰყავს. ამის მიუხედავად, ჩრდილოვანი კაბინეტის იდეას პარტიაში დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ კოალიციურ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს. განსხვავებული პოზიცია აქვთ, პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებს. ისინი აღნიშნავენ, რომ კოალიციური მთავრობა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული თამაშია, რომელიც “ქართული ოცნების” გამარჯვებით დასრულდება.

ნიკა მელიას მიერ დასახელებული ჩრდილოვანი კაბინეტი არ მოსწონს “ქართულ ოცნებას”. ამბობენ, რომ ეს არის ფარსი და  საკუთარი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა. როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, კოალიციაში  დაბალ რეიტინგული პარტიები შედიან, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” დანამატები გახდნენ. “ოცნებაში” დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიცია დედაქალაქის ხელისუფლებაში ვერ მოვა.