კოალიციური მთავრობა თბილისში – “ნაციონალური მოძრაობა“ ჩრდილოვანი კაბინეტის წევრებს დაასახელებს | 20.10.2021

“ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საღამოს ჩრდილოვანი კაბინეტის წევრებს დაასახელებს. არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან დაკომპლექტდება. ოპოზიციის განმარტებით, ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, თანამოქალაქეებს მრავალპარტიულ საფუძველზე შექმნილ ჩრდილოვან მთავრობებს შესთავაზებენ. თბილისში ოპოზიციასთან კოალიციას ვერ შექმნის “სტრატეგია აღმაშენებელი”, რადგან პარტიას დედაქალაქში  წარმომადგენელი არ ჰყავს. კონსულტაციებში ასევე არ მონაწილეობს პარტია “მოქალაქეები”. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტი „ნაციონალური მოძრაობის წევრების გარდა, „ლელოს“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებით იქნება დაკომპლექტებული. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ყველა პოზიციაზე კანდიდატები  კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩნენ და ამბობენ, რომ ჩრდილოვანი კაბინეტი საზოგადოებას ოპოზიციის ქმედითუნარიანობაში დაარწმუნებს.

„ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებული“ – ასე ეხმაურებიან მმართველი პარტიის წევრები ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის იდეას. მათი თქმით, კოალიციური მთავრობა მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უნდა შედგეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირწმუნებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ოპოზიციაში მყოფს გეგმა საერთოდ არ აქვს და მათი დრის წესრიგი რეალობისგან შორს არის.