მორიგი საეკლესიო სკანდალი – რას წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში | 19.10.2021

საპატრიარქოს საზოგადოებასთანურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი  სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთი ეპისკოპოსის დაფინანსებით მსოფლიო პატრიარქთან  შესახვედრათ, თბილისიდან თეოლოგები გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან. როგორც ანდრია ჯაღმაიძე წერს, თეოლოგები  ბართლომეოს პირველთან  შეხვედრაზე  იტყვიან,  რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია, უკრაინის ახლად შექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს.

“ჩემი ინფორმაციით, (წყაროს არ დავასახელებ) საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან.  ერთ-ერთი საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრის (სახელს არ დავასახელებ, ჯერჯერობით) დაფინანსებით,  19 ოქტომბერს გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან სტამბულში მის ყოვლადუწმინდესობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთანთან. შეხვედრაზე გ.ბარნოვი ეტყვის, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, “თეოლოგი” გეგმავს მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირება,” – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

კონსტანტინოპოლის პატრიარქთან შეხვედრას გოჩა ბარნოვი ნამდვილად აპირებს, თუმცა თეოლოგის თქმით, ის ყოველწლიურად დადის კონსტანტინოპოლში, რადგან 22 ოქტომბერს მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების წლისთავი აღინიშნება. თეოლოგი მამა ანდრია ჯაღმაიძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.