სააკაშვილის შიმშილობის მე-19 დღე – “ექსპრეზიენტი დანებებას არ აპირებს. მისი მდგომარეობა რთულდება” | 19.10.2021

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მე-19 დღეა შიმშილობს. მისი თანაგუნდელები ვარაუდობენ, რომ მას რამდენიმე დღეში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება. სწორედ ამიტომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად  საპატიმროში დღეს ექიმთა ჯგუფი შევიდა. კონსილიუმის წევრებმა ყოფილ პრეზიდენტი გასინჯეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როგორია მათი დასკვნა და სჭირდება თუ არა სააკაშვილს  სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიდევ ერთხელ მოინახულა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ. ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება, თუმცა ის შიმშოლობის შეწყვეტას არ აპირებს. როგორც ხერხეულიძე ამბობს, სააკაშვილს 30 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების  მოლოდინი აქვს, ამიტომ ის მოუწოდებს თანაგუნდელებს და  მხარდამჭერებს  არ  შეწყვიტონ საპროტესტო აქციები. ეკა ხერხეულიძემ დღეს სააკაშვილის მორიგი წერილი გამოიტანა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი იმ მსჯავრდებულ სამხედროებს მიმართავს, რომლებიც მასთან ერთად რუსთავის საპატიმროში შიმშილობენ.

მსჯავრდებულ პრეზიდენტთან საპატიმროში იმყოფებოდნენ ადვოკატებიც. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი დასუსტებულია,  თუმცა  მხნედ არის და დანებებას არ აპირებს. ისინი კონსილიუმის გადაწყვეტილებას ელოდებიან და იმ შემთხვევაში თუ ექიმთა ჯგუფმა მსჯავრდებულის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა, ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ  ხელისუფლებამ სააკაშვილი არ გადაიყვანოს სამედიცინო დაწესებულებაში და ის ციხის საავადმყოფოში მოათავსონ. ადვოკატები აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებას” ყოფილი პრეზიდენტის საზოგადოებაში გამოჩენის ეშინია და სწორედ ამიტომ არ ნიშნავს სასამართლო პროცესსაც.

მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნებას 3 ოქტომბერს აპირებდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა “ქართულ ოცნებას” მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო და სოციალურ ქსელის მეშვეობით მხარდამჭერებს საქართველოდან მიესალმა. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ძებნილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ ჰქონდა, ექსპრეზიდენტი დღის ბოლოს სწორედ თბილისში  დააკავეეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები